ცხოვრების ხარჯები იტალია vs ოპოლე

საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვისას სასურველია, წინასწარ გვესმოდეს, თუ რა ხარჯების გაწევა მოგვიწევს უცხო ქვეყანაში. ამიტომაც მაქსიმალურად შევეცადეთ, თავი მოგვეყარა იტალიასა და პოლონეთში გამგზავრებული ჩვენი სტუდენტებისა და იქ მყოფი ჩვენი პარნიორებისგან მიღებული ინფორმაციისთვის, რათა მქასიმალურად ნათელი სურათი შეგვექმნა თქვენთვის იმ თანხების შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას დაგჭირდებათ სწავლის ღირებულების გამოკლებით.იტალიის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ფასები გარკვეულწილად განსხვავდება ქალაქების მიხედვით, ამიტომაც მაგალითად საშუალო მონაცემებს მოვიყვანთ.რაც შეეხება პოლონეთს, აღნიშნულ ქვეყანაში მხოლოდ ქალაქ ოპოლეს შევეხებით.

მაშ ასე:

საცხოვრებელი:

    ალბათ თავადაც ხვდებით, რომ სწავლის ღირებულების შემდგომ ყველაზე მეტი ფინანსები საცხოვრებელ ადგილში მიდის. იტალიაში შესაძლებელია სტუდენტებისთვის განკუთვნილი ოთახების ქირაობა სპეციალურ საერთო საცხოვრებლებსა და მრავალოთახიან ბინებში. აღნიშნული საცხოვრებლები, როგორც წესი, საუნივერსიტეტო კამპუსის მახლობლად მდებარეობს და ორადგილიანი ოთახის საშუალო ღირებულება იწყება თვეში დაახლოებით 240 ევროდან.ოპოლეს შემთხვევაში სტუდენტების განთავსება ხდება სტუდენტურ ქალაქში მდებარე საერთო საცხოვრებელში, სადაც ორადგილიან ოთახში განთავსების ღირებულება ყოველთვიურად დაახლოებით 80 ევროს შეადგენს.

სამედიცინო დაზღვევა:

   სამედიცინო დაზღვევის აღება ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად. იტალიაში სამედიცინო დაზღვევის წლიური ღირებულება დაახლოებით 140 ევროს შეადგენს, ხოლო ოპოლეში - 80 ევროს. ოპოლეს შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესაძლებელია მშობლიურ ქვეყანაში გაკეთებული ერთწლიანი დაზღვევის წარდგენა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოში ერთწლიანი დაზღვევის ღირებულება ბევრად უფრო მაღალია.

ბინადრობის ნებართვა:

    სტუდენტური ვიზის ქონის მიუხედავად, იტალიაში ჩასვლიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში აუცილებელია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განაცხადის გაკეთება. აღნიშნული პროცესის ხარჯები დაახლოებით 140 ევროს შეადგენს.რაც შეეხება ოპოლეს, აქ საქმე ცოტა სხვაგვარადაა: შესაძლებელია არჩევანის გაკეთება სტუდენტურ ვიზასა და ბინადრობის ნებართვას შორის (თუ რა განსვავებაა ამ ორ საბუთს შორის, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტატიიდან  „სწავლა პოლონეთში - სტუდენტური ვიზა თუ ბინადრობის ნებართვა?“. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის მიღებას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პროცესის ღირებულება დაახლოებით 80 ევროს შეადგენს.

კვება:

   კვების საკითხი ცოტა უფრო რთულად გამოსაანგარიშებელია, რადგანაც გარკვეულწილად სტუდენტის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, პროდუქტის ყიდვა და სახლის პირობებში საჭმლის მომზადება ორივე ქვეყანაში ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კაფე-ბარებსა და რესტორნებში კვება, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად შემდეგი სახის მონაცემები ნამდვილად გამოგადგებათ: იტალიაში, საშუალო დონის კვების ობიექტში სადილი ან ვახშამი დაახლოებით 10 ევრომდე დაგიჯდებათ ერთ ადამიანზე, ხოლო ოპოლეში აღნიშნული სიამოვნება, როგორც წესი, 5 ევროს არ აღემატება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

 აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ბილეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასდაკლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ტრანსპორტის აღნიშნული საშუალებით სტუდენტის სტატუსით სარგებლობისთვის იტალიაში თვეში საშუალოდ 35 ევრო, წელიწადში კი დაახლოებით 250 ევრო დაგჭირდებათ.ოპოლეში შესაძლებელია ავტობუსის სტუდენტური ბილეთის შეძენა 140 დღის ხანგრძლივობით. აღნიშნული ბილეთის ღირებულება დაახლოებით 40 ევროს შეადგენს.

სტატიის ბოლოს დავამატებთ, რომ ხარჯების შედარება ერთ ვალუტაში, ევროში გავაკეთეთ, რათა მკითხველისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო ამ შედარების აღქმა. თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეთ, რომ ოპოლეში ევროებით არ ხდება ანგარიშწორება, იქ ყოფნისას თანხა ეროვნულ ვალუტაში, კერძოდ კი პოლონურ ზლოტებში, უნდა იქონიოთ.