როგორ შევამციროთ სწავლის ღირებულება იტალიაში

სწავლის ღირებულება იტალიის სახელმწიფო უნივერსიტეტების სპეციალობათა უმეტესობაზე შეადგენს 600-დან 1900 ევრომდე წელიწადში. ფასი სავსებით მისაღები ჩანს, თუ მას შევადარებთ ევროპის სხვა უნივერსიტეტებში სწავლის ღირებულებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი შემცირებაც არის შესაძლებელი.

იტალიის უნივერსიტეტებში სწავლის ფასის დაკლებაზე საბუთების შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი არ აღემატება 15 000 ევროს, ზოგიერთ უნივერსიტეტისთვის კი — 20 000 ევროს. ანუ, თუ თქვენი ოჯახის საერთო ოფიციალური შემოსავალი შეადგენს თვეში 3750-5000 ლარს ან ნაკლებს, სტუდენტს აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი სწავლის ფასის დაკლებაზე.

ფასის დაკლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის სტანდარტულ პაკეტში შედის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ და ცნობა შემოსავლების შესახებ, თუმცა უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად სთხოვოს დამატებითი საბუთების წარდგენა.

ყოველ უნივერსიტეტს აქვს ქვედა ზღვარი, სადამდეც არის შესაძლებელი ფასის დაკლება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ზღვარი შეადგენს წელიწადში საშუალოდ 650 ევროს. ეს, თავისმხრივ, არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი ფასს აუცილებლად ქვედა ზღვრამდე დაგიკლებთ — იგი ყოველი სტუდენტისთვის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია და ასეთ შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი.

სწავლის ღირებულების დაფარვა ხდება რამდენიმე ეტაპად:

  • სწავლის დაწყებამდე იხდით პირველად შენატანს (იგი ყოველთვის უცვლელია)
  • მხოლოდ მეორე სემესტრში შეგაქვთ მეორე შენატანი იმის და მიხედვით, ფასი დაკლებულია თუ არა.

მაგალითი:

თქვენ აბარებთ პერუჯას უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე და შეგაქვთ საბუთები სწავლის ღირებულების დაკლებაზე. თქვენს ფაკულტეტზე სწავლის ღირებულება შეადგენს 1000 ევროს წელიწადში და ირველადი შენატანის ოდენობა არის 450 ევრო. თუ თქვენ სწავლის ღირებულებას შეგიმცირებენ 600 ევრომდე წელიწადში, მეორე სემესტრში მოგიწევთ მხოლოდ დარჩენილი 150 ევროს გადახდა, ხოლო თუ ფასი არ მცირდება, მეორადი შენატანი შეადგენს 550 ევროს. პასუხს ფასის დაკლებასთან დაკავშირებით სტუდენტი იღებს სწავლის დაწყებამდე და პირველადი შენატანის გადახდამდე.

ასევე ყოველ უნივერსიტეტს აქვს თავისი ვადები და წესები ღირებულების დაკლებაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. განაცხადის დამოუკიდებლად შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლებელია. შესაძლებელია, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს საჭირო დოკუმენტაციის პაკეტებიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ იტალიაში სწავლას, სწავლის ფასის დაკლებაზე საბუთების შეტანა ნამდვილად ღირს. მათი შეგროვება არც ისე რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ნებისმიერ საკითხზე გიწევთ კონსულტაციას და გეხმარებით, სწავლაზე ფასდაკლება კი შეიძლება საკმაოდ სოლიდურიც აღმოჩნდეს.